დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

დღგ-ის რეგისტრაცია

კომპანიის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დღგ-ის (დამატებული ღირებულების გადასახადის) გადამხდელად ნებაყოფლობით დადგომაა. ბიზნესის დაწყებისას დღგ-ის რეგისტრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ხშირად, მეწარმეები ამ ნაბიჯს წინასწარი ანალიზის გარეშე დგამენ, რაც ფინანსურ ზარალს იწვევს.

სანამ უშუალოდ რისკებზე გადავალთ, მოდით, ბუღალტრული ტერმინოლოგიის გარეშე განვმარტოთ: დღგ არის 18%-იანი დანამატი თქვენს ფასზე, რომელსაც სახელმწიფო გაძლევთ უფლებას დაადოთ პროდუქტს, მაგრამ სანაცვლოდ გარკვეულ წესებსა და პასუხისმგებლობებს გიწესებთ. ბიზნესის დაწყებისას გაქვთ არჩევანი: დაელოდოთ, სანამ თქვენი ბრუნვა 100,000 ლარს გადააჭარბებს (როცა რეგისტრაცია სავალდებულო ხდება), ან დარეგისტრირდეთ პირველივე დღიდან.


რა საფრთხეს შეიცავს ნაადრევი დღგ-ის რეგისტრაცია?

დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება მაშინ, როცა ეს რეალურად არ გჭირდებათ, რამდენიმე სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული, რომელთა გამოსწორებაც დროში საკმაოდ იწელება.

  1. „არაკვალიფიციური გადამხდელის“ სტატუსი: ახლად დარეგისტრირებულ კომპანიას საგადასახადო ორგანომ შეიძლება არ მიანიჭოს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო გეუბნებათ: “მე შენ ჯერ ბოლომდე არ გენდობი”.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

  • თქვენ ვალდებული ხართ, ნებისმიერ გაყიდულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე დარიცხოთ 18% და გადაიხადოთ ბიუჯეტში.
  • სანაცვლოდ, თქვენ ვერ იღებთ ჩათვლას შესყიდვებზე.

მარტივად რომ ვთქვათ: რეალიზაციისას დღგ-ს გადახდა მაინც მოგიწევთ, ხოლო შესყიდვებისას დღგ-ს ჩათვლას ვერ მიიღებთ. ეს პირდაპირ ზრდის თქვენს ხარჯებს 18%-ით.

2. 12-თვიანი შეზღუდვა:

გაითვალისწინეთ, რომ დღგ-ის რეგისტრაციის შემდეგ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში სტატუსის გაუქმება კანონით შეუძლებელია. შესაბამისად, თქვენი შეცდომის გამოსწორებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

3. ფასების კონკურენტუნარიანობა

თუ თქვენი კლიენტები ფიზიკური პირები არიან (რომლებიც დღგ-ს არ ითვლიან), თქვენი მომსახურება მათთვის მომენტალურად 18%-ით ძვირდება. კონკურენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, ბაზარზე თქვენზე უკეთეს ფასს შესთავაზებს მომხმარებელს.

როგორ მივიღოთ კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი?

იმისათვის, რომ დღგ-ის რეგისტრაციამ ზარალი არ მოგიტანოთ და სრულფასოვანი ჩათვლები მიიღოთ, აუცილებელია კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მოპოვება. ეს პროცესი საგადასახადო ორგანოს მხრიდან თქვენი ბიზნესის ვერიფიკაციას გულისხმობს.

აი, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ და რა დოკუმენტაცია უნდა მოამზადოთ:

1. განცხადების წარდგენა:

პროცესი იწყება ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის პორტალის (RS.GE) მეშვეობით. თქვენს პირად კაბინეტში უნდა შეავსოთ შესაბამისი განცხადების ფორმა.

2. დოკუმენტების პაკეტის მომზადება:

საგადასახადო ორგანო მხოლოდ სიტყვაზე არ გენდობათ — მათ სჭირდებათ მტკიცებულება, რომ თქვენი ბიზნესი “ცოცხალია”. ამისთვის წინასწარ მოამზადეთ:

  • ხელშეკრულებები: ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ეკონომიკურ კავშირებს. ეს შეიძლება იყოს ოფისის ან საწყობის იჯარის ხელშეკრულება, შეთანხმებები მომწოდებლებთან (საქონლის შესყიდვაზე) ან პოტენციურ კლიენტებთან.
  • საკადრო დოკუმენტაცია: თუ გყავთ დაქირავებული პერსონალი, შრომითი ხელშეკრულებები მნიშვნელოვანი არგუმენტია.
  • იდენტიფიკაცია: დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი.
  • სპეციფიკური საბუთები: საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ ლიცენზიები, ნებართვები ან ინვოისები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიზნეს-ოპერაციები უკვე დაგეგმილია ან დაწყებულია.

3.რას ამოწმებს საგადასახადო?

მთავარი მიზანია დადასტურდეს, რომ თქვენი რეგისტრაცია არ არის ფიქტიური და მხოლოდ დღგ-ის ჩათვლების ხელოვნურად მისაღებად არ გჭირდებათ. რაც უფრო მეტ რეალურ დოკუმენტს წარადგენთ (მაგალითად, კომუნალური გადასახადების ქვითარი ოფისზე ან ინვენტარის ფოტოები), მით უფრო სწრაფად მიიღებთ კვლიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსს.

როდის არის მომგებიანი დღგ-ის რეგისტრაცია?

მიუხედავად ზემოთხსენებული რისკებისა, არსებობს სიტუაციები, როდესაც დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია არა მხოლოდ გამართლებული, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისათვის. ძირითადი შემთხვევები, როცა ეს სტატუსი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს:

1. სისტემატური იმპორტი – ფულის დაზოგვის პირდაპირი გზ

თუ თქვენი ბიზნეს-მოდელი უცხოეთიდან საქონლის რეგულარულ შემოტანას ეყრდნობა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია პრაქტიკულად აუცილებელია. რატომ? საქონლის განბაჟებისას თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში იხდით 18% დღგ-ს საზღვარზე (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

  • თუ არ ხართ გადამხდელი: ეს 18% თქვენთვის ჩვეულებრივი ხარჯია, რომელიც პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის.
  • თუ ხართ გადამხდელი: იმპორტისას გადახდილი ეს თანხა თქვენთვის ხდება ჩათვლადი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ თანხას “გიბრუნებთ” (ანუ სხვა გადასახადებში გიქვითავთ). შესაბამისად, თქვენი საქონელი კონკურენტებთან შედარებით 18%-ით იაფი ხდება.

2. B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) სექტორი

თუ თქვენი ძირითადი კლიენტები სხვა კომპანიები არიან, რომლებიც თავად იხდიან დღგ-ს, მათთვის თქვენი სტატუსი გადამწყვეტია. დღგ-ის გადამხდელი კომპანიისთვის სულერთია, მომსახურებაში 100 ლარს გადაგიხდიან თუ 118-ს (დღგ-ს ჩათვლით), რადგან ამ ზედმეტ 18 ლარს ისინი სახელმწიფოდან მაინც დაიბრუნებენ. თუ თქვენ სტატუსი არ გაქვთ, მათ ჩათვლის საშუალებას არ აძლევთ, რაც თქვენთან თანამშრომლობას მათთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

3. დიდი კაპიტალური ხარჯები საწყის ეტაპზე

წარმოიდგინეთ, რომ ხსნით საწარმოს და ყიდულობთ 200,000 ლარის ღირებულების დანადგარებს საქართველოში. აქედან 30,500 ლარზე მეტი არის დღგ. თუ რეგისტრაციას გაივლით, ეს სოლიდური თანხა თქვენს ბალანსზე ჩათვლის სახით აისახება, რაც მომავალში სხვა გადასახადებისგან გაგათავისუფლებთ. თუ სტატუსი არ გაქვთ, ეს ფული უბრალოდ დაკარგული რესურსია.

4. ექსპორტი და 0%-იანი დაბეგვრა

საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე გატანა იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაყიდვისას გადასახადს არ იხდით, მაგრამ უფლება გაქვთ, უკან დაიბრუნოთ (ჩაითვალოთ) ის დღგ, რომელიც ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ან მომსახურების შეძენისას გადაიხადეთ საქართველოში. ეს არის პირდაპირი სუბსიდია სახელმწიფოსგან ექსპორტიორი კომპანიებისთვის.

ჩვენი რეკომენდაცია:
სანამ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდებით, დეტალურად გააანალიზეთ თქვენი ბიზნეს-მოდელი:

  • რამდენად სწრაფად შეძლებთ იმ დოკუმენტაციის შეგროვებას, რაც საჭიროა კვალიფიციური სტატუსის მისაღებად?
  • გყავთ თუ არა ისეთი მომწოდებლები, რომელთაგან მიღებული ჩათვლები თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია?

თუ დეტალებში გარკვევა გიჭირთ, რეკომენდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის. სწორი დაგეგმვა დაგიზოგავთ დროსა და ფინანსურ რესურსებს.

Scroll to top
error: კონტენტი დაცულია!!